საგარეო უწყება გალში შეხვედრის ჩაშლაზე შეშფოთებას გამოთქვემს
საგარეო უწყება გალში შეხვედრის ჩაშლაზე შეშფოთებას გამოთქვემს
21:01 26.04.2012
საქართველოს საგარეო უწყება 24 აპრილს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (იპრმ) ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლაზე შეშფოთებას გამოხატავს. ამის შესახებ სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საგარეო უწყების განცხადების თანახმად, იპრმ-ის, ისევე როგორც ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატების შეფერხების ან ჩაშლის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მხოლოდ მოსკოვს დაეკისრება.

„რუსეთისა და მისი მარიონეტული რეჟიმების მცდელობები, ცალმხრივად შეცვალონ შეხვედრების ფორმატი ყოვლად მიუღებელია. ამით ისინი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესს საფრთხეს უქმნიან“- ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ქართული მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წინააღმდეგ დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ განხორციელებული დემარში საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების როლის შესუსტებისკენ არის მიმართული.

„ევროკავშირის მისიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები ცხადყოფს, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე ნეიტრალური და მიუკერძოებელი საერთაშორისო მისიის არსებობა არ აწყობს“ - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველო რუსეთის ფედერაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ასევე ქართული მხარე საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვს შექმნილი ვითარება ჯეროვნად შეაფასოს.

„მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას მოსკოვთან სერიოზულ დიალოგში ჩაერთოს, რათა მან ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს, მათ შორის რუსული სამხედრო ნაწილების გაყვანისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვების აუცილებლობის თაობაზე,“ - აღნიშნავენ საგარეო უწყებაში.

ჟენევის მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც 24 აპრილს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში დაგეგმილი 36-ე შეხვედრა ჩაიშალა. შეხვედრის ჩაშლის ინიციატორი დე-ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლობა იყო.

ბეჭდვა