საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა უარყოფს ოპოზიციის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს ისტორიული ძეგლების გადარჩენასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები საპატრიარქოს გვერდის
ავლით მიმდინარეობს. ამის შესახებ რურუამ პარლამენტში სამთავრობო საათზე განაცხადა.
საუბარია კულტურული მემკვიდრეობის შესახებ თურქეთთან გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე.
“თურქეთში მოლაპარაკებების გასამართად წასვლამდე პირადად შევხვდი უწმინდესს, მისი აზრი მოვისმინე და იქიდან დაბრუნების შემდეგ ჩვენი მოლაპარაკებების შედეგი გავაცანი. იმედი მაქვს, რომ კითხვებს შორის ამ საკითხის მოხვედრა თქვენი არაინფორმირებულობის ბრალია, ვიდრე ფაქტების შეგნებული დამახინჯების” - მიმართა ნიკოლოზ რურუამ ოპოზიციას.
საპარლამენტო ოპოზიციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ თურქეთის სახელმწიფოსთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი აინტერესებდა.
ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” წევრები კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს ნიკა რურუას შეკითხვით მიმართავდნენ, რატომ არ გააცნო მან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ თურქეთის სახელმწიფოსთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი საქართველოს პატრიარქს, საქართველოს პარლამენტსა და ქართულ საზოგადოებას.
