„ლეიბორისტული პარტიის“ სარეფერენდუმო ინიციატივას - საქართველოს შეირაღებული ძალების ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციიდან გამოყვანის შესახებ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა.
როგორც ცესკოს ხელმძღვანელმა ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციითა და „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილოების შესახებ“ კანონით მინიჭებული აქვს უფლებამოსილება საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად სამხედრო ძალების გამოყენებაზე.
„საინიციატივო ჯგუფის მიერ შემოთავაზებული საკითხის რეფერენდუმის გზით გადაწყვეტა პრეზიდენტის ზემოაღნიშნული უფლებამოსილების შეზღუდვას გამოიწვევს, რომელიც შეიძლება მხოლოდ ახალი კანონის მიღების შედეგად განხორციელდეს. ეს კი, წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კოდექსთან, რომლის თანახმადაც რეფერნდუმის გამართვა კანონის მისაღებად-გასაუქმებლად დაუშვებელია“ - განმარტა ხარატიშვილმა.
„ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა გიორგი გუგავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ქრისტიან-დემოკრატებმა“ და ე.წ. “ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს.
„ისინი ერთი პატრონისგან იმართებიან. ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა თითოეულ მათგანს ეკისრება“ - განაცხადა გუგავამ.
ლეიბორისტები ცესკო-ს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.
