"ქრისტიან-დემოკრატები"C ჰეპატიტის მკურნალობის, დიაგნოსტიკისა და პრევენციის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებას ითხოვენ.
აღნიშნული განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია "ქრისტიან–დემოკრატების" წევრმა მაგდა ანიკაშვილმა გააკეთა.
"ჩვენთვის მიუღებელია ის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, რომელსაც ხელისუფლება იჩენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადების მიმართ. საქმე გვაქვს პრობლემის იგნორირებასთან მაშინ, როდესაც საქართველო არის ლიდერი ქვეყანა რეგიონში C ჰეპატიტით დაავადებულთა სიმრავლის მიხედვით", – განაცხადა ანიკაშვილმა. მისივე ინფორმაციით, ყველაზე ოპტიმისტური მონაცემებით, საუბარია 200 ათას ინფიცირებულზე, რაც მოსახლეობის 6,7%-ია.
მაგდა ანიკაშვილის თქმით, C ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ინდივიდუალური დახმარების შემთხვევებს. "თავად მკურნალობა საჭიროებს ძვირადღირებული მედიკამენტების მიღებას. ხანგრძლივობის მიხედვით, საშუალოდ, თანხა 12 000-დან 24 000-მდე მერყეობს. ცხადია, მხოლოდ ერთეულებს აქვთ საშუალება, სახელმწიფოს დახმარების გარეშე ეს მედიკამენტები შეიძინონ", – აღნიშნა ანიკაშვილმა.
მისი განმარტებით, სახელმწიფო არ ატარებს C ჰეპატიტის ვირუსის პროფილაქტიკას, ქვეყანაში არ მოქმედებს დაავადების პრევენციის პროგრამები და არ ხორციელდება სათანადო კონტროლი იმ დაწესებულებებზე, სადაც ინფიცირების რისკი მაღალია. კერძოდ, სამედიცინო დაწესებულებებზე, განსაკუთრებით სტომატოლოგიურ კლინიკებზე, სილამაზის სალონებზე, ტატუ და პირსინგ სალონებზე.
