ქართული მხარე არასდროს აჰყოლია და არც მომავალში აჰყვება რუსეთის ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ იაფფასიან შეფასებებს.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ, რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით სამწუხაროა, რომ რუსეთის ხელისუფლება საერთაშორისო პრაქტიკაში საუბრის არაკორექტულ სტილს ამკვიდრებს.
,,ამასთან ის საქართველოს პრეზიდენტს ზედმეტად დიდ ყურადღებას უთმობს. ეს კი, იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ხელისუფლება და პრეზიდენტი რუსეთისთვის საკმაოდ სერიოზული ფაქტორია და ეს მას აწუხებს. თუმცა, უკეთესი იქნებოდა მედვედევმა საკუთარ თავს პატივი სცეს და უფრო კორექტურული იყოს“ - განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.
მედვედევმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფალი ეყოლება და რუსეთი მასთან ითანამშრომლებს.
„დარწმუნებული ვარ მთელ ჩვენს ხალხს არანაირი ანტიპათია არ აქვს საქართველოს მიმართ. პირიქით, საქართველო ჩვენთვის ახლობელი ქვეყანაა, ქართველი ხალხი ახლობელი და ძვირფასი ხალხია ჩვენთვის. სხვათაშორის, საქართველოში ცალკეული პოლიტიკანების განცხადებების მიუხედავად, ჩვენ არაერთხელ გადაგვირჩენია ის. სააკაშვილი ცარიელი ადგილია, ნულია. ის ადრე თუ გვიან წავა საქართველოს პოლიტიკური ისტორიიდან“ - განაცხადა მედვედევმა და აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა საქართველოში ნებისმიერ ახალ ლიდერთან თანამშრომლობისა და დიპლომატიური ურთიერთოებების აღდგენისთვის.
