ცესკო-მ, აშშ-ს საელჩომ და USAID-მა მემორანდუმი გააფორმეს
ცესკო-მ, აშშ-ს საელჩომ და USAID-მა მემორანდუმი გააფორმეს
18:32 26.04.2012
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, აშშ-ს საელჩომ საქართველოში და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს.

როგორც აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა განაცხადა, მემორანდუმი ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მხარდაჭერას ითვალისწინებს.

,,მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო პროცესებში საქართველოს მეტი მოქალაქე ჩაერთოს. მემორანდუმი ხელს შეუწყობს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას“ - განაცხადა ბასმა.

მისი თქმით, მან კარგად იცის თუ რაოდენ დიდი გამოწვევის წინაშე დადგება საარჩევნო ადმინისტრაცია იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებასთან სათანადო კომუნიკაცია არ დამყარდა. მისივე თქმით, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაცის მიწოდება და ცესკო-სთან თანამშრომლობას სწორედ ამ მიზნით იწყებენ.

USAID-ის მისიის ხელმძღვანელის სტივენ ჰეიკინის განცხადებით, მხარეებისთვის მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების პრინციპები. სააგენტო საქართველოს მოქალაქეებს ამ პრინციპების დაცვაში დაეხმარება.

როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა აღნიშნა, მემორანდუმის ფარგლებში, კომისიის ინსტიტუციონალური გაძლიერების უზრუნველსაყოფად, გრანტი გამოიყოფა.

ბეჭდვა