საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერი, გოკა გაბაშვილი 100%–ით დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება.
ჟურნალისტებთან საუბარში გაბაშვილმა განაცხადა, რომ კონსტიტუციით, საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღად ოქტომბერია განსაზღვრული და, შესაბამისად, ეს არ შეიცვლება.
"საკონსტიტუციო სასამართლოს ნაცვლად მე ვერ გაგცემთ პასუხს, თუმცა, 100%–ით დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება. მთელი ჩვენი პოლიტკური გუნდიც ასე ფიქრობს, რომ, არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში უნდა ჩატარდეს და ეს ვადა ოქტომბერია", – აღნიშნა გაბაშვილმა.
მისივე თქმით, კონსტიტუციაში არჩევნების თარიღთან დაკავშირებული ჩანაწერი აბსოლუტურად ყველა ნორმისა და წესის დაცვით გაკეთდა. "ეს არის კონსტიტუციური ნორმა და ვფიქრობ, არჩევნების რიგითობა დაცული უნდა იყოს. გეუბნებით, რომ არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში!", – განაცხადა გაბაშვილმა.
