პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა“ უკრაინის ექსპრემიერ იულია ტიმოშენკოს ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
როგორც მოძრაობაში განაცხადეს, უკრაინის ექსპრემიერთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები, მათ შორის, გამოძიებისა და სასამართლო პროცესების ობიექტურობა, განაჩენი და საპყრობილეში მისი მდგომარეობა, „დემოკრატიული მოძრაობის“ შეშფოთების საგანი არაერთხელ გამხდარა.
„ტიმოშენკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 20 აპრილს კოლონიიდან საავადმყოფოში გადაყვანის დროს, ბადრაგმა უმოწყალოდ სცემა. დასავლეთის სახელმწიფოთა უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ უკრაინის ხელისუფლებისადმი კრიტიკული მიმართვების მიუხედავად, ტიმოშენკო კვლავ პატიმრობაში რჩება და მისი მდგომარეობა კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს“- განაცხადეს „დემოკრატიულ მოძრაობაში“.
„დემოკრატიული მოძრაობა“ იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინის ხელისუფლება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დაიწყებს ობიექტურ გამოძიებას.
მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით დასავლეთის მხრიდან უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
