ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის მხრიდან დიპლომატებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, რეგიონში საერთაშორისო თანამეგობრობის კომპრომეტირების მცდელობის შეფასებას აძლევს.
ამის შესახაბ მან დღეს ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა.
„მსგავსი განცხადებები წარსულშიც არაერთხელ გვსმენია. ეს ყველაფერი რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ნაწილია, რომლითაც ის ცდილობს რეგიონში საერთაშორისო თანამეგობრობის კომპრომეტირებას“- განაცხადა ქუთელიამ.
მისი განმარტებით, დღეისთვის დეოკუპაციის პოლიტიკის განსახორციელებლად და სამართლიანობის აღსადგენად, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა ერთადერთი მნიშვნელოვანი და ძლიერი ბერკეტია.
„უფრო აქტიურად შევეცდებით გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები გვთავაზობენ“- აღნიშნა ქუთელიამ.
როგორც აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა, შესაძლოა, აფხაზეთმა უარი თქვას საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთნ ურთიერთობაზე. ანქვაბის თქმით, სოხუმს არ სურს დანარჩენ მსოფლიოსთნ თბილისის გავლით ჰქონდეს ურთიერთობა.
