ძიძიგური - უარყოფითი შედეგი არა ალასანიას, არამედ ბოკერიას განცხადებას მოჰყვა
ძიძიგური - უარყოფითი შედეგი არა ალასანიას, არამედ ბოკერიას განცხადებას მოჰყვა
15:10 26.04.2012
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, უარყოფითი შედეგი არა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას, არამედ უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებას მოჰყვა.
როგორც მან დღეს განაცხადა, ალასანიამ სამეგრელოში ბანდფორმირებების შესახებ მხოლოდ პოლიტიკური განცხადება გააკეთა და საჯაროდ არ დაუსახელებია ფაქტები, რომელიც შეეძლო ვინმეს ქვეყნის წინააღმდეგ გამოეყენებინა.
„უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ აღნიშნული მასალები გამოაქვეყნა და ამით ზიანი მიაყენა ქვეყნის ინტერესებს. ბოკერია მოიქცა არა როგორც უშიშროების საბჭოს მდივანი, არამედ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და საერთოდ, სააკაშვილი თავის გამოსვლებში, არა როგორც პრეზიდენტი, არამედ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარე ისე იქცევა. ასევე არიან შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და მთლიანად მინისტრთა კაბინეტი“ - განაცხადა ძიძიგურმა.
მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენელთა გაუწონასწორებელმა ქმედებებმა, ქვეყანას ზიანი არ უნდა მოუტანოს, გაუწონასწორებელი ხელისუფლების პრობლემა კი, ოქტომბრის არჩევნებზე უნდა მოგვარდეს.

ბეჭდვა