ბოკერია - რუსეთისა და მისი მარიონეტების მხრიდან ღია და თავხედურ ქმედებას ყურადღება უნდა მიექცეს
ბოკერია - რუსეთისა და მისი მარიონეტების მხრიდან ღია და თავხედურ ქმედებას ყურადღება უნდა მიექცეს
14:39 26.04.2012
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, დე ფაქტო აფხაზეთის მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ანჟეი ტიშკევიჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას,  სადამკვირვებლო მისიისთვის იქ მუშაობის შეზღუდვის მცდელობას უწოდებს. ამის შესახებ ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
,,ეს არის რუსეთის შეშფოთების საფუძველი. რუსეთის ფედერაციისა და მისი მარიონეტების მხრიდან ღია და თავხედურ ქმედებას ყურადღება უნდა მიექცეს. დარწმუნებული ვარ ამაზე ჩვენი მოკავშირეები ყურადღებას გაამახვილებენ“ - განაცხადა მან.
მისი განმარტებით, ევროკავშირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია სიმშვიდის გარანტია და ვინც ამის წინააღმდეგია საკუთარ თავს ააშკარავებს.
,,ისინი ვერ შეძლებენ ამ მისიის საქმიანობას საფუძველი შეურყიონ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ სამწუხაროდ, იმ უპასუხისმგებლო განცხადებებმა, რომელიც ჩვენმა ზოგიერთმა პოლიტიკოსმა გააკეთა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტის წინააღმდეგ აგრესიულ კამპანიას საბაბი მისცა’’ - განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა.
რაც შეეხება ჟენევის ფორმატის ფარგლებში მოლაპარაკებებს, ბოკერია იმედს გამოთქვამს, რომ ისინი არ ჩაიშლება.


ბეჭდვა