ვეფხვაძე–პრიმაკოვზე უფრო დიდი რუსეთუმეები, ეთნიკურად ქართველებიც გვყავს
ვეფხვაძე–პრიმაკოვზე უფრო დიდი რუსეთუმეები, ეთნიკურად ქართველებიც გვყავს
13:55 26.04.2012
საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების“ ლიდერი ლევან ვეფხვაძე პრობლემას ვერ ხედავს იმაში, თუ ქართული კანონმდებლობა პარტია „განახლებული საქართველოსთის“ წარმომადგენელს მინდია გულუას  არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს.

„რამდენადაც ვიცი, მინდია გულუა არ არის ევროკავშირის მოქალაქე, ის რუსეთის მოქალაქეა. თუ გულუა ევროკავშირის მოქალაქეა, დაბადებით ქართველია და აქ 10 წელი უცხოვრია, მას პრობლემა არ ექნება. თუ ვინმეს არ მოსწონს გულუა, ეს შეუძლია არჩევნებზე გამოხატოს. თუ ვინმეს მიაჩნიათ, რომ რუსეთის მიმართ განსაკუთრებული გრძნობების გამო გულუა არ უნდა შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში, მასზე უფრო განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება რუსეთის მიმართ ბევრ სხვა პოლიტიკოსს აქვს“ – განაცხადა „ნიუსპრესთან“ საუბარში ვეფხვაძემ.

კითხვაზე, რუსეთის ექსპრემიერს ევგენი პრიმაკოვს, რომელიც საქართველოშია დაბადებული, შეუძლია თუ არა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში კენჭი იყაროს, ვეფხვაძემ განმარტა, რომ პრიმაკოვი ევროკავშირის მოქალაქე არ არის.

„ისე პრიმაკოვზე უფრო რუსეთუმეები, ეთნიკურად ქართველები გვყავს, რომლებიც მზად არიან თავზე ვაზელინი გადაისვან და პუტინს ემსახურონ. ამიტომ, ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობაზეა დამოკიდებული ვის და როგორ დაუჭერს მხარს“– განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის“ მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში მინდია გულუა მზად არის საქართველოში ჩამოვიდეს და პარტიას სათავეში ჩაუდგეს.

საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრა 21 წლის ასაკიდან იქნება შესაძლებელი. ასევე, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლევათ ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან დაბადებული და აქ 10 წელი მაინც უცხოვრიათ.



ბეჭდვა