ლევან ვეფხვაძე – არჩევნების მაისში ჩატარებას ვინც ეთანხმება, ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს
ლევან ვეფხვაძე – არჩევნების მაისში ჩატარებას ვინც ეთანხმება, ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს
13:43 16.02.2012
"ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა" საპარლამენტო არჩევნების 2012 წლის მაისში ჩატარებას ეწინააღმდეგება.  ჟურნალისტებთან საუბარში ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ არჩევნები 2012 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, როგორც ეს კონსტიტუციით არის დადგენილი.
"თუკი ვინმეს უნდა, რომ არჩევნები გაზაფხულზე გაიმართოს, ეს არის ხელისუფლება. ის პარტიები კი, ვინც ამას ამბობს, პირდაპირ ან ირიბად ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს", – აღნიშნა ვეფხვაძემ.
დეპუტატის თქმით, დღეს რამდენიმე ინსტრუმენტია, რომ არჩევნები უკეთესად ჩატარდეს - ეს არის საარჩევნო სიების გადამოწმების კომისია, რომელმაც 1-ელ ივლისამდე უნდა დაადგინოს სიები, მედიამონიტორინგის კომისია და უშიშროების საბჭოსთან შექმნილი ჯგუფი, რომელმაც ადმინისტრაციული რესურსის შეზღუდვაზე უნდა იმუშაოს.
"ერთ–ერთი, ვინც არჩევნებისთვის მზად არის, ესაა ორგანიზაცია "ნაციონალური მოძრაობა". ეს არ არის პარტია, ის ეკლექტური ერთობაა", – აღნიშნა ვეფხვაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალი თაობა - ახალი ინიციატივა"" აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართოს, რათა საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის შემოდგომის ნაცვლად მაისში ჩატარდეს. 2006 წლის 27 დეკემბერს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების თანახმად კი, პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა ნიშნავს.

ბეჭდვა