ჯონდი ბაღათურია - მიხეილ სააკაშვილს ნერვებმა უმტყუნა
ჯონდი ბაღათურია - მიხეილ სააკაშვილს ნერვებმა უმტყუნა
13:11 16.02.2012
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გრძელვადიან პოლიტიკურ პროცესებში ნერვებმა უმტყუნა და ცდილობს, საპარლამენტო არჩევნები მაისში გადმოწიოს,  - ამის შესახებ "ნიუსპრესს" "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განუცხადა.
"მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო ვადებთან დაკავშირებით თავის მიერ დაგებულ მახეში გაება. მათი გეგმა აკინძული იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი გამხდარიყო. ახლა კი, შესაძლოა, ამერიკის პრეზიდენტ ბარაქ ობამასთან შეხვედრის დროს, ამერიკის პრეზიდენტმა სააკაშვილს ეს გეგმა შეაცვლევინა და სააკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეობას გეგმავს. არის მაღალი ალბათობა, რომ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო სიას ჩაუდგეს სათავეში", - აღნიშნა ბაღათურიამ.
მისივე განცხადებით, თავად ორგანიზაცია "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" მჭიდროდ არის დაკავშირებული "ნაციონალურ მოძრაობასთან" და ვინაიდან ეს ინიციატივა სწორედ ამ ორგანიზაციიდან მოდის, სავარაუდოა, რომ მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო არჩევნებს სწორედ 2012 წლის მაისში გადმოწევს.
ჯონდი ბაღათურია მიმართავს ოპოზიციას, შეიკრიბონ და ერთად იმოქმედონ, რათა კოორდინირებული გადაწყვეტილებები მიიღონ და არსებულ რეჟიმს ერთად ებრძოლონ.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალი თაობა - ახალი ინიციატივა"" აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართოს, რათა საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის შემოდგომის ნაცვლად მაისში ჩატარდეს. 2006 წლის 27 დეკემბერს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების თანახმად კი, პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა ნიშნავს.

ბეჭდვა