ტელევიზიები 2011-ში საარჩევნო თემატიკის სიმწირით გამოირჩეოდნენ
ტელევიზიები 2011-ში საარჩევნო თემატიკის სიმწირით გამოირჩეოდნენ
19:47 25.04.2012
2011 წელს საზოგადოებრივი მაუწყებელიც და კერძო ტელევიზიებიც საარჩევნო თემატიკის შესახებ ინფორმაციის სიმწირით გამოირჩეოდნენ.
ამის შესახებ გაერო-ს განვითარების პროგრამის 2011 წლის მედიამონიტორინგის კვლევაშია ნათქვამი.
კვლევის თანახმად, საზოგადოებრივი ტელევიზია უმეტესწილად ცდილობდა გადაცემული ინფორმაცია ობიექტური და დაბალანსებული ყოფილიყო.
„რაც შეეხება კერძო ტელევიზიებს - „რუსთავი 2“- სა და „იმედს“, ნეგატიურად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ ისინი მათ მიერ გაშუქებულ სუბიექტებს განსხვავებულად წარმოადგენდნენ. კერძოდ, აშკარად დადებითი იყო განწყობა მმართველი პარტიის, პრეზიდენტისა და მთავრობის საქმიანობის მიმართ“ – ნათქვამია ანგარიშში.
რაც შეეხება „მაესტროსა“ და „კავკასიას“, ანალიზის თანახმად, მათ „თოქ-შოუებში“ მმართველი პარტიის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულება იგრძნობოდა. თუმცა, ეს არ ეხება საინფორმაციო გამოშვებებს.
მონიტორინგის შედეგების თანახმად, საარჩევნო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები და თელავის შუალედური არჩევნები ტელევიზიებში არასათანადოდ გაშუქდა.
კვლევა გაერო-ს განვითარების პროგრამის მედიამონიტორინგის პროექტის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციამ“ ჩაატარა. ის 2011 წლის 30 მაისიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავდა. ორგანიზაციის წარმომადგენლები ტელევიზიების ე.წ პრაიმტაიმს საარჩევნო თემატიკის გაშუქების კუთხით იკვლევდნენ.

ბეჭდვა