საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს ხონს ეწვია და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო.
პარლამენტის სპიკერისა და მოსახლეობის შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სკოლების რეაბილიტაციის პროგრამაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საკითხზე.
ბაქრაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ხალხის პრობლემები პირადად მოისმინოს და მათი გადაჭრის გზებიც მათთან ერთად დასახოს.
„ხელისუფლებაში მყოფი ყველა ადამიანის ვალდებულებაა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეხვდეს და მოუსმინოს. დღეს ერთად ვიმსჯელეთ იმაზე თუ რა კეთდება და რა უნდა გაკეთდეს პრობლემების მოსაგვარებლად. დანარჩენი საქართველოს მსგავსად, ხალხს ხონშიც ბევრი რამ აწუხებს“-აღნიშნა ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ მათხოჯის წყლის სათავე ნაგებობა დაათვალიერა და აღნიშნა, რომ მის რეაბილიტაციაზე 171 ათასი ლარი დაიხარჯება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სარწყავი წყლით სამტრედია და ხონი მომარაგდება.
დღის ბოლოს, ბაქრაძემ წმინდა გიორგი სახელობის მე-12 საუკუნის ეკლესია დაათვალიერა.
