"ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, რადგან ეს საქართველოს კონსტიტუციით არის დადგენილი.
როგორც ,,ნიუსპრესთან"" საუბარში ედპ-ის წევრმა, დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ განაცხადა, პარტიებს სჭირდებათ დრო, რათა ახალი საარჩევნო გარემოსთვის მოემზადონ და ამისთვის სულ მცირე 6 თვეა საჭირო.
მისივე თქმით, პრეზიდენტის მიერ შექმნილია ასევე ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისია, რომლის მუშაობისთვის ბიუჯეტიდან თანხებია გამოყოფილი.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალი თაობა - ახალი ინიციატივა"" აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართოს, რათა საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის შემოდგომის ნაცვლად მაისში ჩატარდეს. 2006 წლის 27 დეკემბერს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების თანახმად, პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა ნიშნავს.
