პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერებმა დღეს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.
როგორც „ნიუსპრესს“ „ახალი მემარჯვენეებიდან“ აცნობეს, პარტიის თავმჯდომარე დავით გამყრელიძე წყალტუბოს რაიონში იმყოფებოდა.
გამყრელიძის განცხადებით, რაიონის სოფლებში ტექნიკის არარსებობის გამო, მიწა დაუმუშავებელი რჩება, გლეხები აგრო-ტექნიკურ ვადებში ხვნა-თესვას ვერ ასწრებენ.
„ხელისუფლებას არა აქვს გათვლილი რა რაოდენობის ტრაქტორი სჭირდება ქვეყანას სახნავ-სათესი მიწის ფართობის გათვალისწინებით. მინიმუმ 5 000 ტარქტორია საჭირო“- განაცხადა გამყრელიძემ.
„ახალი მემარჯვენეების“ ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი ლევან კალანდაძე დღეს გურიის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც მან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, გურიის სოფლებში სოციალური აგენტების მიერ უმწეოთა სტატუსის მინიჭება და სოციალური დახმარებების დანიშვნა გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს.
„ხელისუფლების მხრიდან უმწეოთა სტატუსის მინიჭება ვაჭრობის საგნად იქცა. ადამიანების შერჩევა არც თუ იშვიათად პოლიტიკური ნიშნით ხდება. სოფლებში მრავლადაა ხალხი, რომლებსაც დახმარება რეალურად არ სჭირდება, თუმცა, მატერიალური დახმარება და სამედიცინო პოლისი მხოლოდ იმიტომ აქვთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ან აქტივისტები არიან“ - აღნიშნა კალანდაძემ.
„მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია კი, სენაკის რაიონის მოსახლეობას შეხვდა.
ნაჭყებია, მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ძველ სენაკში, დასახლებულ პუნქტში რეზერვისტთა ბაზის არსებობას გაუმართლებლად მიიჩნევს.
„ბაზის მიმართულებით სისტემატურად მოძრაობენ მძიმეწონიანი ავტომანქანები, რომლებმაც ასფალტის საფარი მთლიანად გაანადგურეს. სოფლის გზაზე გადაადგილება ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთათვისაც გართულებულია. გარდა ამისა, წვრთნების დროს ხმაური მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის, ხშირ შემთხვევაში კი, შენობა-ნაგებობებს აზიანებს“ - განაცხადა ნაჭყებიამ.
მისი თქმით, მოსახლეობა ბაზის დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გადატანას ითხოვს.
