გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გუშინ დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გუშინ დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა
17:52 25.04.2012
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოლაპარაკებების ჩაშლამ, შესაძლოა, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის მთლიან პროცესზე დიდი დარტყმა  მოახდინოს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესისა და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, გუშინ ზუგდიდში მყოფ ქართულ დელეგაციას უკანასკნელ წუთს განუცხადეს, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა.
„იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრები მომავალში გაგძელდება. ამისთვის მნიშვნელოვანია ყველა მხარემ თავის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებას პატივი სცეს“- განაცხადა უტიაშვილმა.
რაც შეეხება იმ მიზეზებს, რომელიც გალის მხარემ მოლაპარაკებების ჩაშლის საბაბად გამოაცხადა, უტიაშვილი არარეალურს უწოდებს.
„აშკარად ყურით მოთრეული მიზეზებია. ამასთან, სამწუხაროა, რომ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის უპასუხისმგებლო განცხადების საფუძველზე, მოლაპარაკებების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა“- აღნიშნა უტიაშვილმა.
მისივე განმარტებით, ამ წუთისთვის რთულია პროგნოზის გაკეთება ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში.
ქართული დელეგაცია გუშინ გალში იმყოფებოდა. მათ მონაწილეობა უნდა მიეღოთ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებში, მაგრამ ის მოულოდნელად ჩაიშალა.


ბეჭდვა