საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის მიერ დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას მისამართით გაკეთებულ განცხადებებს გმობს.
როგორც „ნიუსპრესს“ საია-დან აცნობეს, საია გამონათქვამის ავტორს და პარლამენტის თითოეულ წევრს მსგავსი გამონათქვამებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
„პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის გამონათქვამი სომხურ ეთნიკურ ჯგუფზე ვერბალური თავდასხმაა და ის ღიად გამოხატავს აღნიშნული ეთნიკური თემის მიმართ აშკარა მტრულ დამოკიდებულებას“- განაცხადეს საია-ში.
ასოციაციის ინფორმაციით, პარლამენტის მიერ 1999 წელს რატიფიცირებული რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, გაერო-ს კონვენციის მე-4 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია რასობრივ ზიზღზე დამყარებული იდეების გავრცელება.
„სამწუხაროა, რომ პარლამენტის ზოგიერთი წევრი, მასზე, როგორც ხალხის რჩეულზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას კონვენციასთან შეუსაბამო საქმიანობითაა დაკავებული და ეთნიკური ნიშნით სიძულვილის აშკარა ტირაჟირებას ეწევა“- აღნიშნეს საია-ში.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ბაღათურიამ აღნიშნა, რომ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს არგუმენტები არ გააჩნია უარი განაცხადოს ოსმალთა იმპერიაში სომეხთა გენოციდის აღიარებაზე.
ბაღათურიას სიტყვა კოლეგა სულეიმანოვმა შეაწყვეტინა და შემდეგი სიტყვით მიმართა: „ჩვენი სომეხი კოლეგა, ბატონი ჯონდი ბაღათურიანი თავის სომხურ აზრზე დარჩა“.
