იუსტიციის მინისტრს ბანკ „ქართუ“–სთვის მიყენებულ ზიანზე მოუწევს პასუხის გაცემა
იუსტიციის მინისტრს ბანკ „ქართუ“–სთვის მიყენებულ ზიანზე მოუწევს პასუხის გაცემა
16:50 25.04.2012
საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის” სამთავრობო საათზე მიწვეულ იუსტიციის მინისტრს ბანკ „ქართუ“–სთვის მიყენებულ მატერიალურ ზიანზე მოუწევს პასუხის გაცემა.

საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, 2011 წლის შემოდგომაზე სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებებით, რომლითაც სააღსრულებო პრეფერენციები განისაზღვრა, ბანკ „ქართუს“ 200 მლნ ლარის ოდენობით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.

„2012 წლის საგაზაფხულო სესიაზე აღნიშნული კანონის შესაბამის ნორმაში განხორციელებული ცვლილებებით ძველი რეგულაცია აღდგა. ქვეყანაში მოქმედი და კონსტიტუციით აღიარებული სამართლის ფუძემდებლური პრინციპებიდან გამომდინარე ვსვამთ შეკითხვას: აუნაზღაურდება თუ არა ბანკ „ქართუს“ მიყენებული მატერიალური ზიანი სახელმწიფოს მხრიდან? თუ გაგრძელდება პარაგვაის დიქტატორის სტესნერის სამართლის პრინციპი „მეგობარს ყველაფერი, დანარჩენს კანონი“?– ასეთია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრების შეკითხვა.

ამ დრომდე უცნობია მივა თუ არა პარლამენტში, სამთავრობო საათზე ზურაბ ადეიშვილი. ოპოზიციას დღის განმავლობაში ეცნობება ზურაბ ადეიშვილის პარლამენტში მისვლის შესახებ ოფიციალური პასუხი.
იუსტიციის მინისტრის გარდა, სამთავრობო საათზე ასევე დაბარებულია შს მინისტრი, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი, განათლების მინისტრი და სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი.

ბეჭდვა