აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანჟეი ტიშკევიჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანჟეი ტიშკევიჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
15:33 25.04.2012
აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანჟეი ტიშკევიჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
როგორც დე-ფაქტო საგარეო სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ტიშკევიჩი აფხაზური მხარის მიმართვების იგნორირებას ახდენს.
„დაუშვებლად მიგვაჩნია მისიის ხელმძღვანელის უარი სასაზღვრო ზონაში განსაკუთრებით მძიმე ინციდენტების, მათ შორის მკვლელობების და აფხაზეთის მხარის დაშანტაჟების ფაქტების აღნიშვნაზე“ - ნათქვამია მათ განცხადებაში.
აფხაზეთის ე.წ საგარეო უწყება მიიჩნევს, რომ ტიშკევიჩს და მისიას შეუმჩნეველი დარჩათ საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ახლოს უკანონო შეირაღებული ფორმირებების ჩამოყალიბება.
„თავისი ქმედებებით, ტიშკევიჩი უსაფრთხოებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ეფექტურობას საფრთხეს უქმნის. აქედან გამომდინარე, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტიშკევიჩს აფხაზეთის ტერიტორიაზე პესონა ნონ გრატად აცხადებს“ - აღნიშნულია აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.


ბეჭდვა