საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშს მიესალმება
საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშს მიესალმება
15:28 25.04.2012
 საგარეო საქმეთა სამინისტრო იმ ფაქტს მიესალმება, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. საარჩევნო უბნების უკანონო გახსნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში სათანადოდ აისახა.

სამინისტროს შესაბამისი განცხადებით, 2012 წლის 23 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განხილული იქნა ანგარიში რუსეთის ფედერაციის 2012 წლის 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ.

„ანგარიში ცალსახად გმობს რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების სრული იგნორირებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. საარჩევნო უბნების გახსნის ფაქტს“ – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საარჩევნო უბნების გახსნა „წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ აღიარებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას."

„აღნიშნულ დოკუმენტში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე ხაზს უსვამს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობას, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს აღნიშნულ არჩევნებში, "რუსული პასპორტები გააჩნდათ რუსეთის ხელისუფლების ე.წ. პასპორტიზაციის პოლიტიკის შედეგად", რაც „გაკრიტიკებულია ტალიავინის მოხსენებაში და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებში საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგების შესახებ და შეფასებულია, როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა“ - ნათქვამია სამინისტროს სპეციალურ განცხადებაში.

ბეჭდვა