პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები საარჩევნო უბნებზე სოციოლოგიური კვლევების შედეგების მიხედვით გადანაწილდებიან. ამის შესახებ კოალიციის
ერთ-ერთმა ლიდერმა კობა დავითაშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„კოალიციის წევრები მაჟორიტარების წარდგენის თაობაზე უმეტეს რაიონებში ვთანხმდებით. იქ სადაც შეთანხმება ვერ მოხერხდება, მაგალითად დიდ ქალაქებში, ჩვენი სოციოლოგიური ჯგუფები გამოკითხვას ჩაატარებენ და მაჟორიტარი კანდიდატებიც ამის მიხედვით გადანაწილდებიან“ - განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, კოალიცია საკმარისად არ მიიჩნევს სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გატარებულ ზომებს. მისივე თქმით, ამომრჩეველთა რეგისტრაცია მხოლოდ ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე უნდა მომხდარიყო.
„როგორც ხშირად ხდება ცესკო სიების გასწორების დაპირებას იძლევა, თუმცა, არჩევნები, როგორც წესი ისევ ძველი სიებით ტარდება. სამწუხაროდ, არც ამჯერად გვაქვს უკეთესის მოლოდინი“ - განაცხადა დავითაშვილმა.
