ბაღათურია პრეზიდენტს და უმრავლესობას ადანაშაულებს
ბაღათურია პრეზიდენტს და უმრავლესობას ადანაშაულებს
13:16 25.04.2012
ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას თავისი პარტიის „ქართული დასის“ წინააღმდეგ ქმედებებში ადანაშაულებს.

ბაღათურიამ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები გააპროტესტა, რომელთა თანახმად, მისი თქმით, „ქართულ დასს“ უფასო სარეკლამო დროით სარგებლობის უფლება ჩამოერთმევა.

„მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი განაწყენდა და გაიბუტა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა პროექტში ფორმულირება შეცვალა და ჩაწერა, რომ უფასო სარეკლამო დროის ლიმიტი მხოლოდ იმ პარტიებს ექნება, რომლებმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. მანამდე, ეს უფლება კვალიფიციურ პარტიებს ჰქონდა. ჩვენ კი, კვალიფიკაცია საპარლამენტო არჩევნების გზით მოვიპოვეთ“ – განაცხადა ბაღათურიამ.

მისი თქმით, მავნე და დანაშაულებრივი პრაქტიკაა, როდესაც კანონები ერთი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ იწერება.
„ჩვენი მიზანია სამოქალაქო საზოგადოებას ვაცნობოთ რაც ხდება. ამ სამარცხვინო ტაკიმასხრობას კი, აუცილებლად გადავთარგმნით და დიპლომატიურ კორპუსს მივაწვდით“ – განაცხადა ბაღათურიამ.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა გუშინ მეორე მოსმენით მიიღო. მესამე საბოლოო მოსმენა და მიღება, მიმდინარე კვირას იგეგმება.

ბეჭდვა