უმრავლესობა აზერ სულეიმანოვის საქციელს არასწორად მიიჩნევს
უმრავლესობა აზერ სულეიმანოვის საქციელს არასწორად მიიჩნევს
19:23 24.04.2012
საპარლამენტო უმრავლესობა საკუთარი თანაფრაქციელის აზერ სულეიმანოვის საქციელს არასწორად აფასებს და მიიჩნევს, რომ კატეგორიულად მიუღებელია ეროვნული წარმომავლობის მოხსენებია და ქსენოფობიური განცხადებები.

„ვინც არ უნდა იყოს ჩვენი კოლეგა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ასეთი განცხადება მიუღებელია. ამ ქვეყანაში, ხელისუფლების წარმომადგენელი არ უნდა საუბრობდეს და არ უნდა იყენებდეს ეროვნულ წარმომავლობის მინიშნებებს ოპონენტის კრიტიკის დროს“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში გოკა გაბაშვილმა.

მისი თქმით, ამის შესახებ თავად აზერ სულეიმანოვს ესაუბრნენ და იგი თავის აზრს დააფიქსირებს.

გაბაშვილმა განმარტა, რომ ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ჯონდი ბაღათურიას მხრიდან.

„ის შეეცადა სენსიტიური, მტკივნეულ თემა წარმოეჩინა და ჩვენს ქვეყანაში ეროვნული შუღლი გაეღვივებინა“ – აღნიშნა გაბაშვილმა.

უმრავლესობის წევრმა, მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა აზერ სულაიმანოვმა ჯონდი ბაღათურია ჯონდი ბაღათურიანად მოიხსენია.
„სამწუხაროდ, ჩვენი სომეხი კოლეგა ბატონი ჯონდი ბაღათურიანი თავის სომხურ აზრზე დარჩა“ – აღნიშნა სულეიმანმა მას შემდეგ რაც პარლამენტში მასსა და „ქართული დასის“ ლიდერს შორის ინციდენტი მოხდა.

აზერ სულეიმანოვმა სხდომაზე იკითხა რომელ გენოციდზე მიდის საუბარი, როდესაც „1918 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, სხვადასხვა აზერბაიჯანულ რეგიონებში სომეხმა ბანდიტებმა 60 ათასზე მეტი აზერბაიჯანელი დახოცეს“.


ბეჭდვა