დეპუტატ ჯონდი ბარათურიას მისამართით დღეს გაკეთებული განცხადებებისას დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა განსხვავებული ეთნიკური ნიშანი დამაკნინებელ, შეურაცხმყოფელ კონტექსტში წარმოაჩინა და
ამ კუთხით, ის ოპონენტის დისკრედიტაციას შეეცადა. აღნიშნული განცხადებით, სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში დღეს პარტლამენტში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
„ვთვლი, რომ ყოველი ასეთი ფაქტი საქართველოს მშვიდობიან განვითარებას საფრთხეს უქმნის. ამასთან, ჩვენი კონსტიტუციის სულისკვეთებას და საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს ეწინააღმდეგება“ - აცხადებს ტუღუში.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში საჯარო პირებისა და პოლიტიკური ფიგურების მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებების დაფიქსირების შემთხვევები შემაშფოთებლად გახშირდა.
„მინდა კიდევ ერთელ მოვუწოდო საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს ამგვარი რიტორიკისგან თავი შეიკავონ . ამასთან, ქსენოფობიისა და შეუწყნარებლობის გამოვლინების ნებისმიერ შემთხვევას უმკაცრესი შეფასება მისცენ“ - აღნიშნავს სახალხო დამცველი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია დღეს ჯონდი ბაღათურიანად მოიხსენია. „სამწუხაროდ, ჩვენი სომეხი კოლეგა ბატონი ჯონდი ბაღათურიანი თავის სომხურ აზრზე დარჩა“ – აღნიშნა მან პარლამენტში გამართული ხელჩართული ჩხუბის შემდეგ.
