IPL-ის გამოკითხვის შედეგებით, „ქართულ ოცნებას“ 46.3% უჭერს მხარს
IPL-ის გამოკითხვის შედეგებით, „ქართულ ოცნებას“ 46.3% უჭერს მხარს
18:29 24.04.2012
გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ და სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრის IPL-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, თბილისელების რჩეული პარტია პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნებაა“.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, „ქართულ ოცნებას“ რესპონდენტთა 46.3% უჭერს მხარს, მეორე ადგილზეა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 23%-ით, მესამეზე - „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ - 6.3%, მეოთხეზე - „ლეიბორისტული პარტია“ – 4.6%. გამოკითხულთა 9.3%-მა კი, არც ერთ პარტიას არ მისცა ხმა.
პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბიძინა ივანიშვილს გამოკითხულთა 51.8% უჭერს მხარს, მიხეილ სააკაშვილს 20%. გამოკითხულთა 16%-ს არცერთი კანდიდატი არ მოსწონს.
გამოკითხვის ფარგლებში რესპონდენტებს თავად უნდა დაესახელებინათ პოლიტიკოსი, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობიან. გამოკითხვის ამ პუნქტშიც ბიძინა ივანიშვილი ლიდერობს – 31.3%-ით, მიხეილ სააკაშვილს თბილისელების მხოლოდ 11.6% ენდობა, 6.6% ენდობა ირაკლი ალასანიას, 5.6% - გიორგი თარგამაძეს, ხოლო - 5%-მდეა შალვა ნათელაშვილის ნდობის რეიტინგი. არცერთ პოლიტიკოსს არ ენდობა გამოკითხულთა 24%.
რესპონდენტთა 43% მიიჩნევს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე გადამწყვეტ გავლენას აშშ-ს პოზიცია მოახდენს, ხოლო საქართველოს მოსახლეობის ნებას უმნიშვნელოვანესად გამოკითხულთა 32% მიიჩნევს.

ბეჭდვა