პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე კომიტეტმა განცხადება გაავრცელა
პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე კომიტეტმა განცხადება გაავრცელა
17:14 24.04.2012
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა დღეს დეპუტატებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა.

საპარლამენტო კომიტეტი მიიჩნევს, რომ 2012 წლის 24 აპრილს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ფრაქციამ „ერთობა სამართლიანობისათვის“ გამოაქვეყნა პროვოკაციული განცხადება, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში წარმოდგენილი ეთნიკური უმცირესობების მშვიდობიანი თანაცხოვრების პროცესის დაზიანებას.

„აღნიშნული განცხადება ემუქრება საქართველოში საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნიკურ მრავალფეროვნებას და შეიცავს ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივების ნიშნებს“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომიტეტის განცხადების თანახმად, საქართველოში მცხოვრები კავკასიელი ხალხების ერთმანეთთან მტრულად განწყობილ ბანაკებად ხელოვნურად დაყოფა ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობაა და მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფოს ავტორიტეტის შესუსტებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ ძალას და განსაკუთრებით იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენლები ფრაქციაში „ერთობა სამართლიანობისათვის“, აღნიშნულ უპასუხისმგებლო განცხადებას გაემიჯნონ და მკაფიოდ გამოხატონ საკუთარი პოზიცია მრავალეთნიკური ქართული საზოგადოების წინაშე.

პარლამენტში დღეს ოპოზიციონერ დეპუტატ ჯონდი ბაღათურიასა და უმრავლესობის წევრ აზერ სულეომანოვს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა.


ბეჭდვა