აკაკი ბობოხიძემ ლევან ვეფხვაძე სიცრუეში დაადანაშაულა
აკაკი ბობოხიძემ ლევან ვეფხვაძე სიცრუეში დაადანაშაულა
17:04 24.04.2012
უმრავლესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ ოპოზიციონერი ლევან ვეფხვაძე სიცრუეში დაადანაშაულა.  ამასთან დაკავშირებით საუბარი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შედგა, სადაც აზიის განვითარების ბანკთან დადებული ხელშეკრულების გადახედვაზე მსჯელობდნენ.

„ქრისტიან–დემოკრატების“ წევრის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ხელისუფლებამ ქუთაისელები მოატყუა, რადგან ამ ქალაქის განვითარების ნაცვლად, ანაკლიის განვითარება გადაწყვიტა.

მიუხედავად იმისა, რომ საკითხი განსახილველად პარლამენტში უკვე შესულია და მასში კონკრეტული ჩანაწერიც არსებობს, აკაკი ბობოხიძემ ლევან ვეფხვაძე სიცრუეში დაადანაშაულა.

“არჩევნებთან დაკავშირებით ალბათ თქვენს ტყუილებს საზღვარი არ ექნება. მაგრამ უბედურება ის არის, რომ უვიცობასაც ამჟღავნებთ. თქვენ აზიის განვითარების ბანკი ორღობის ორგანიზაცია გგონიათ. არც ერთ ხელშეკრულებაში არ წერია, თუ სად უნდა იყოს განაწილებული თანხები” – განაცხადა ბობოხიძემ.

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2010 წლის 5 აგვისტოს ხელმოწერილ სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროგრამაში ქვეპროექტს - "ქუთაისის ურბანული გარემოს გაუმჯობესება და არამოტორიზირებული ტრანსპორტის განვითარება". ქვეპროექტი - "ანაკლიის სანაპირო ზონის გაუმჯობესება" ჩაანაცვლებს.

ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველო 85 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხს იღებს, რომელიც 32 წლიანია.

ბეჭდვა