ევროკომისარი დემოკრატიულ პროცესებში საზოგადოების ჩართულობას დადებითად აფასებს
ევროკომისარი დემოკრატიულ პროცესებში საზოგადოების ჩართულობას დადებითად აფასებს
16:40 24.04.2012
ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში შტეფან ფულე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების აქტივობასა და დემოკრატიული განვითარების პროცესში ჩართულობას დადებით შეფასებას აძლევს.
როგორც „ნიუსპრესს“ კამპანია „ეს შენ გეხებას“ წევრი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების საქართველოს ეროვნული პლატფორმიდან აცნობეს, შტეფან ფულე „ეს შენ გეხებას“ მიმართვას გამოეხმაურა.
მიმართვა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებისა და არჩევნებზე გრძელვადიანი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მოწვევის აუცილებლობის შესახებ მოთხოვნებს ეხება.
კომისარმა ფულემ ეროვნულ პლატფორმას საპასუხო წერილში აცნობა, რომ საქართველოში საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბების პროცესს თვალ-ყურს ადევნებს. ის დადებითად აფასებს საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტთან დაწყებული კონსულტაციებს და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეუთო-ს გრძელვადიანი მისიის მოწვევის ინიცირებას.
ფულემ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აღუთქვა, რომ ეს საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დარჩება.
ფულემ განაცხადა, რომ მომავალშიც ყურადღებით გაეცნობა სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებებს.
საქართველოს ეროვნული პლატფორმა დღეისთვის 101 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.
საქართველოს ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისასალმებელია ევროკავშირის მზდყოფნა - ხელი შეუწყოს საქართველოში სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას.

ბეჭდვა