მანანა კობახიძე კახა კალაძეს პარტიის სრულუფლებიან წევრად მიიჩნევს
მანანა კობახიძე კახა კალაძეს პარტიის სრულუფლებიან წევრად მიიჩნევს
16:03 24.04.2012
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მანანა კობახიძე კახა კალაძეს პარტიის სრულუფლებიან წევრად მიიჩნევს.
როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ კალაძე პარტიის პოლიტიკურ საბჭოში არ შედის, ის პარტიის წევრია და მის საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული.
„კახა ამჟამად დაკავებულია იმ საქმით, რაც ამ წუთას ჩვენთან ყოფნის საშუალებას არ აძლევს. ის თავიდან ბოლომდეა ჩართული პარტიის საქმიანობაში, შესაბამისად ჩვენი გუნდის წვრია “ - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, კალაძე არჩევნების დროს საქართველოში იქნება.
ამასთან, კობახიძის განცხადებით, მას პარტიის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა აბსოლუტურად გააზრებული აქვს.
„ის, რაც პარტიის თავმჯდომარეს ევალება, სრულად მაქვს გააზრებული, ეს რომ ყოფილიყო ისეთი სირთულე, რომელსაც მანანა კობახიძე ვერ შეეჭიდებოდა, დამერწმუნეთ ახლა თქვენს წინაშე ნამდვილად არ ვიქნებოდი“-აღნიშნა კობახიძემ.
მან კონტროლის პალატის მხრიდან მოსალოდნელ ქმედებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროში ამ კვირაში პარტიის დასარეგისტრირებლად საბუთები შევა.
„შესაძლოა, რეგისტრაციის დროს ხელისუფლებამ ხელოვნური ბარიერები შეგვიქმნას. თუმცა, იურიდიული საშუალებებით, სამართლებრივი გზებით და საზოგადოების ინფორმირებით დავიცავთ არამარტო ჩვენს, არამედ საზოგადოების ყველა წევრის უფლებას“-განმარტა კობახიძემ.

ბეჭდვა