უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დეპუტატებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.
„90–იან წლებში, როდესაც სამხრეთ კავკასიაში ეთნიკური კონფლიქტები იყო, მაშინდელმა პარლამენტმა მოახერხა ის, რომ მსგავს ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია. როდესაც ამ თემას ვეხებით და განცხადებას ვაკეთებთ, ნებისმიერი ჩვენგანი განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს. საქმე ეხება ისეთ ფაქიზ თემებს, რომლებმაც შეიძლება რთული პროცესები გამოიწვიოს და ყველა დაგვაზარალოს“ – აღნიშნა მან.
მისი თქმით, იგი არავის ჭკუის სწავლებას არ აპირებს, რადგან ფაქტია, რომ პარლამენტში ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები პარტიული კუთვნილების მიუხედავად, მეგობრულად და კეთილგანწყობილად თანამშრომლობენ.
„მესმის ემოციები, რომელიც ამ განცხადებებს მოჰყვა, მაგრამ ჩემი პირადი სურვილი და თხოვნა იქნება, რომ ეს ინციდენტი ამით ამოიწუროს“ – მიმართა თარგამაძემ კოლეგებს.
უმცირესობის ლიდერის თქმით, სამხრეთ კავკასიაში დესტაბილიზაციის შემოტანა არც ქართველების, არც აზერბაიჯანელების და სომხების ინტერესებში არ შედის.
„საქართველოს პარლამენტი ყოველთვის იყო, არის და იქნება განსხვავებული ეთნიკური წარმოშობის ადამიანების თანაცხოვრების მაგალითი“,– განაცხადა თარგამაძემ.
დღეს პარლამენტში ხელჩართული ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც „ქართული დასის“ ლიდერს ჯონდი ბაღათურიას დეპუტატმა უმრავლესობიდან აზერ სულეიმანოვმა ვაზელინის ე.წ.ტუბიკი ესროლა, რაც ბაღათურიამ უმრავლესობის წევრს უკან დაუბრუნა.
