საპარლამენტო ფრაქცია „ძლიერი საქართველო“ წევრის გურამ ჩახვაძის შეფასებით, ჯონდი ბაღათურია პროვოკატორია.
პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ჩახვაძემ განაცხადა, რომ ბაღათურიას გამონათქვამი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული.
„ღმერთმა დაიფაროს, რომ კიდევ ასეთი რამ განმეროდეს. ბაღათურიას განცხადებები არასერიოზულად უნდა მივიღოთ“ – აღნიშნა ჩახვაძემ.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხელჩართული ჩხუბი მას შემდეგ მოხდა, რაც დეპუტატი ჯონდი ბაღათურია დაინტერესდა თუ რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება სომხების მიერ გენოციდის აღიარების მოთხოვნასთან დაკავშირებით.
“გუშინ აქ იყვნენ ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეები – სომხები, თბილისელები თუ რეგიონებიდან ჩამოსულები, რომლებმაც საქართველოს პარლამენტისგან სომეხთა გენოციდის აღიარება და ჩვენი მხარდაჭერა მოითხოვეს. მე ხომ გეუბნებოდით, როცა ერთდღიან პიარ აქციას, სამასხარაო პიარ-აქციას აწყობდით და გინდოდათ ჩერქეზთა გენოციდი გეღიარებინათ, ეს არ გაგეკეთებინათ, რადგან ხვალ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, სომხები მოვლენ და სათქმელი არ გვექნება” – განაცხადა ბაღათურიამ.
პარლამენტში მომხდარი აღნიშნული ინციდენტიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, პარლამენტთან აზერბაიჯენელ სტუდენტთა ასოციაციის წევრები პლაკატებით – “ბაღათურია მოღალატე”, “ბაღათურია – ვაზელინი” - შეიკრიბნენ.
