საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის“ მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში მინდია გულუა საქართველოში ჩამოვა და პარტიას სათავეში ჩაუდგება.
ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ინტერნეტჩართვის დროს განაცხადა.
როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო ცვლილება ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში გარკვეული ტიპის პოლიტიკური მოქმედებების უფლების მინიჭებას გულისხმობს.
გულუას თქმით, ის ცვლილებების თაობაზე პარლამენტის გადაწყვეტილებას ელოდება. თუმცა, არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ეს კანონი ხელისუფლებამ დროის გასაყვანად მოიგონა.
„ძალიან სახიფათო კანონია და თუ მიიღეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა გაიხსნება ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ეჭვი მეპარება ის ძალაში შევიდეს“ - განაცხადა გულუამ და დასძინა, რომ თუ პარლამენტი ამ კანონს მაინც მიიღებს, ის საქართველოში აუცილებლად ჩამოვა.
გულუას თქმით, პარტიის გეგმები არ შეიცველება და არჩევნებზე იბრძოლებს, რადგან მისივე თქმით, 5%-იანი ბარიერის გადალახვა ან 10 %-იანი შედეგი მას არ დააკმაყოფილებს.
ამასთან, გულუა მიიჩნევს, რომ ივანიშვილს არც ისე კარგი მრჩევლები ჰყავს, რადგან მისი გამოჩენა პოლიტიკაში ერთი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უფრო სწორი იქნებოდა.
„ამ შემთხვევაში იგი 100 პროცენტიან მხარდაჭერას მიიღებდა. მან შეცდომა დაუშვა, რადგან ეს ვერ გათვალა, ახლა მისი რეიტინგი დღითიდღე იკლებს“ - განაცხადა გულუამ.
