მინდია გულუა საქართველოს ძალოვან უწყებებს მის წინააღმდეგ ჯაშუშობასა და თვალთვალში ადანაშაულებს
მინდია გულუა საქართველოს ძალოვან უწყებებს მის წინააღმდეგ ჯაშუშობასა და თვალთვალში ადანაშაულებს
14:50 24.04.2012
პოლიტიკური პარტია "განახლებული საქართველოსთვის" მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში მინდია გულუა საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის  სამინისტროებს მის წინააღმდეგ ჯაშუშობასა და თვალთვალში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ინტერნეტის საშუალებით ჩაერთო.

გულუას განცხადებით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, კრასნოდარის მხარეში დააკავეს პირები, რომლებიც მას უთვალთვალებდნენ.

მისივე განმარტებით, დაკავებულებმა აღიარეს, რომ ჯაშუშები იყვნენ და თქვეს ვინ დაავალა ამის გაკეთება.

გულუას თქმით, ის დაელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნული ფაქტის შესახებ მასალას შემდეგ გამოაქვეყნებს.

პარტიის მრჩევლის განცხადებით, მის წინააღმდეგ მუშაობა შსს-ს კონტრდაზვერვის თანამშრომელს ლევან ტაბიძეს ევალება.

"მივმართავ შსს-ს კონტრადაზვერვის დეპარტამენტს, კუდ-ს და თავდაცვის სამინისტროს, მე არ ვცხოვრობ კრასნოდარში ჩემს სახლში. მოსკოვში, ჩაკეტილ ტერიტორიაზე ვცხოვრობ და გარეთ იშვიათად გავდივარ, ისიც მხოლოდ დიდი კორტეჟის თანხლებით. თქვენ ვერც მომწამლავთ და ვერც ვერაფერს დამიშავებთ" - განაცხადა გულუამ.

ბეჭდვა