საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა კოლეგა დეპუტატი ჯონდი ბაღათურია ჯონდი ბაღათურიანად მოიხსენია.
„სამწუხაროდ, ჩვენი სომეხი კოლეგა ბატონი ჯონდი ბაღათურიანი თავის სომხურ აზრზე დარჩა“ – აღნიშნა სულეიმანმა მას შემდეგ, რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში მას და ბაღათურიას შორის ინციდენტი მოხდა.
აზერ სულეიმანოვმა სხდომაზე იკითხა თუ რომელ გენოციდზე იყო საუბარი, იმაზე როდესაც, მისი თქმით, „1918 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სხვადასხვა რეგიონში სომეხმა ბანდიტებმა 60 ათასზე მეტი აზერბაიჯანელი დახოცეს?“.
ამ განცხადების შემდეგ, პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ სულეიმანოვს მიკროფონი გამოურთო და განაცხადა - „ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა. ის ჩვენი მეზობელი ხალხებისთვის ძალიან დიდ ტკივილთან არის დაკავშირებული. ძალიან რთული ისტორია აქვს გავლილი სომხეთსაც, აზერბაიჯანსაც და თურქეთსაც. ნამდვილად არ მსურს, რომ ეს რთული ისტორია ამ დარბაზში განვიხილოთ“ – აღნიშნა ბაქრაძემ.
პარლამენტში დღეს დეპუტატებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საპარლამენტო ტრიბუნიდან ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა გენოციდის აღიარების წინადადებით პარლამენტს მიმართეს.
ამ დროს დარბაზში მყოფი უმრავლესობის წევრი დეპუტატი აზერ სულეიმანოვი წამოიჭრა და ჯონდი ბაღათურიას ტრიბუნასთან მივიდა. მან ტრიბუნაზე დადებული ჭიქა აიღო და ბაღათურიას მიმართულებით დააპირა სროლა, მაგრამ ვერ მოახერხა. ბაღათურიამ კი, აზერ სულეიმანოვს კალამი ესროლა. ამის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ტრიბუნასთან მიცვივდნენ და აზერ სულეიმანოვი ტრიბუნას მოაშორეს.
აღნიშნული ინციდენტის გამო პარლამენტის სხდომა რამდენიმე წუთით შეწყდა.
