გიორგი ახვლედიანი – ნაციონალური მოძრაობიდან ჩვენს ფრაქციაში გადმოსვლის პროცესი გაგრძელდება
გიორგი ახვლედიანი – ნაციონალური მოძრაობიდან ჩვენს ფრაქციაში გადმოსვლის პროცესი გაგრძელდება
17:53 15.02.2012

საპარლამენტო ფრაქცია ,,ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარის გიორგი ახვლედიანის განცხადებით,  ნაციონალური მოძრაობიდან მის ფრაქციაში მაჟორიტარების გადმოსვლის პროცესი გაგრძელდება.


ჟურნალისტებთან საუბარში ახვლედიანმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარ დეპუტატებს პარტიაში საკუთარი ადგილის მოძებნა უჭირთ და მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მისი განმარტებით, კასპის მაჟორიტარ დეპუტატთან კობა კურდღელაშვილთან მოლაპარაკება 2 თვეა  მიმდინარეობდა.

ახვლედიანისათვის გაუგებარია, რატომ არის კურდღელაშვილის უმრავლესობიდან ,,ქრისტიან-დემოკრატებთან“, გადასვლა ფრაქცია ,,ერთობა სამართლიანობისთვის“  კრიტიკის საგანი.

,,თუ ბეჟან ხურციძეს თავის ფრაქციაში ეპატიჟებიან და მის საქციელს პატრიოტულს უწოდებენ, უმრავლესობიდან ჩვენთან გადმოსვლა რატომ არის კონსპირაციული და არაპატრიოტული? თუ ასე იმსჯელებენ ,,ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრებს კიდევ მოუწევთ თმების დაპუტვა, რადგან ეს პროცესი გაგრძელდება და ჩვენთან შესაძლოა სხვა მაჟორიტარებიც იხილონ,“  - აღნიშნა ახვლედიანმა და ამ დეპუტატების ვინაობა არ დაასახელა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ ქრისტიან–დემოკრატებში კასპის მაჟორიტარი დეპუტატი კობა კურდღელაშვილი გადავიდა. ეს ფაქტი უმცირესობის გარეთ მყოფმა ოპოზიციამ კრიტიკულად შეაფასა.

ბეჭდვა