საქართველოსა და ჩეხეთს შორის თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობის განმტკიცება-გაღრმავების საკითხები განიხილეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ჩეხეთის სენატის თავმჯდომარემ მილან შტეხმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს.
საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე.
მან ჩეხეთის სენატის წარმომადგენლებს საქართველოში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
„თბილისში იუსტიციის სახლს ვაშენებთ. საქართველოს მასშტაბით 20-მდე ასეთი სახლის აშენება იგეგმება. ამ სერვისცენტრის იდეაა ნებისმიერი მოქალაქის მიერ სასურველი სახელმწიფო მომსახურების მიღება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სერვისცენტრებში მომხმარებელს შეუძლია დაარეგისტრიროს ქონება, აიღოს პირადობის მოწმობა ან პასპორტი. აქ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სერვისია და მაკდონალდსის „მაკდრაივის“ მსგავსად, ამოქმედდება „ჯასთდრაივის“ სისტემაც, რომლის საშუალებით მომხმარებელს მისთვის სასურველი საბუთის მიღების შესაძლებლობა მანქანიდან გადმოუსვლელად ექნება. თბილისის იუსტიციის სახლი სექტემბერში გაიხსნება“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა იყო.
როგორც ჩეხეთის დელეგაციის წევრებმა მიხეილ სააკაშვილს განუცხადეს, ჩეხი ბიზნესმენები დაინტერესებული არიან საქართველოში ინვესტიციის ჩადებით.
სტუმრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ჩეხეთის მხარდაჭერას ევროატლანტიკურ სტუქტურებში საქართველოს ინტეგრაციას.
ჩეხეთის სენატის დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.
