სასჯელაღსრულების მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს პარლამენტში სამთავრობო საათზე მისვლის შემთხვევაში, უკურნებელი სენით დაავადებულ მსჯავრდებულებზე მოუწევს საუბარი.
სამთავრობო საათზე მიწვეული 5 მინისტრისთვის გაგზავნილი 26 კითხვიდან სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს მხოლოდ ერთ შეკითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა.
ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისათვის“ კითხვა მძიმე და უკურნებელი სენით დაავადებულ მსჯავრდებულებს შეეხება.
„ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრთა არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად, მათი საქმეები მუდმივმმოქმედმა სამედიცინო კომისიამ არ შეისწავლა, რაც ეჭვქვეშ აყენებს აღნიშნული კომისიის ობიექტურობას, მაშინ, როდესაც მრავალი უმძიმესი ავადმყოფი მსჯავრდებული საწოლზე მიჯაჭვული ელის თავის აღსასრულს. იღებს თუ არა მინისტრი კალმახელიძე პასუხისმგებლობას კანონის მოთხოვნათა უგულველყოფაზე? “ – ასეთია ფრაქციის შეკითხვა.
პარლამენტის ხვალინდელ სესიაზე გაირკვევა, გაიმართება თუ არა სამთავრობო საათი, სადაც 5 მინისტრია დაბარებული.
