საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის გუნდში სიახლე არ არის და მისი წევრები ან ბურჯანაძის, ან ნოღაიდელის ან გოგა ხაინდრავას ყოფილი თანაგუნდელებია.
ჟურნალისტებთან საუბარში გაბაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდში სიახლე არ არის და ეს მოულოდნელი არც ყოფილა.
"იგივე ძველი ოპოზიციური სპექტრია, ძველი იდეებითა და გაცვეთილი პოლიტიკური სახეებით," – განაცხადა გოკა გაბაშვილმა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილისგან პრინციპული სიახლის შეთავაზებას არც ელოდა.
ივანიშვილის პარტიის საინიციატივო ჯგუფში არიან: ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე, საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, ადვოკატი არჩილ კბილაშვილი, მწერალი გურამ ოდიშარია, მეცნიერი ვანო კიღურაძე, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი, ბიზნესმენი გიორგი ჟვანია, უფლებადამცველი თამაზ ავდალიანი, იურისტი მანანა კობახიძე, ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური, ექსპერტი თედო ჯაფარიძე, გია ვოლსკი, იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი, დიპლომატი მაია ფანჯიკიძე, ლერი ხაბელოვი, ნუგზარ დავითაშვილი და კახი კალაძე.
