ვანო მერაბიშვილს პარლამენტში ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე მოუწევს პასუხის გაცემა
ვანო მერაბიშვილს პარლამენტში ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე მოუწევს პასუხის გაცემა
18:00 23.04.2012
პარლამენტში სამთავრობო საათზე მისვლის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე პასუხის გაცემა მოუწევს.
ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” წევრები ვანო მერაბიშვილს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ცნობილ განცხადებას წაუკითხავენ და შესაბამის განმარტებებსაც მოსთხოვენ.
“გახსოვს ვანო, სააკაშვილმა დიდი ხვეწნის შემდეგ რომ დამიყოლია, ბოკერიასთან მივსულიყავი, რომ მისთვის გადამეფიქრებინა ქვეყნისთვის ერთი ძალიან სარისკო და საბედისწერო გადაწყვეტილების მიღება. ეს 2008 წლის აგვისტომდე წელიწადნახევრით ადრე ხდებოდა. მაშინაც იგივე სცენარი განიხილებოდა, რაც თქვენ 2008 წლის აგვისტოში განახორციელეთ. ბოკერია დაჟინებით ითხოვდა, ქართული ჯარების შეყვანას სამაჩაბლოში და იმედი ჰქონდა, რომ რუსი სამხედროები გაიწეოდნენ და ქართულ ჯარს ცხინვალში უომრად შეუშვებდნენ. მე მაშინ შევძელი, ბოკერია დამერწმუნებინა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა არ შეიძლებოდა. სააკაშვილთან ერთად შენც ესწრებოდი ამ შეხვედრას და მე მახსოვს შენი აღფრთოვანება, რომელსაც ჩემი მისამართით გამოხატავდი. 40 წუთში ბოკერიას დავუმტკიცე, რომ ის, რის გაკეთებასაც ის გეგმავდა, წმინდა წყლის პროვოკაცია და ავანტიურა იყო“ – ეს არის ციტატა ივანიშვილის განცხადებიდან.
მას შემდეგ რაც ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის ცნობილი განცხადებიდან ამ ციტატას წაიკითხავს, დეპუტატები ვანო მერაბიშვილთან შეეცდებიან დააზუსტონ, ადასტურებს თუ არა შს მინისტრი, რომ ბიძინა ივანიშვილის ეს განცხადება მართალია.
ხვალ გაირკვევა გაიმართება თუ არა სამთავრობო საათი პარლამენტში.

ბეჭდვა