პარლამენტის ოპოზიციურ ფრაქციას 5 მინისტრთან 26-ზე მეტი შეკითხვა აქვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე დიმიტრი
ლორთქიფანიძემ განუცხადა.
მისი თქმით, შეკითხვები შეეხება "ცენტრ-პოინტის" დაზარალებული მოქალაქეების საკითხით დაწყებული, ბანკი "ქართუს" მიმართ მიყენებული ზიანით დასრულებულ უამრავ თემას.
ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით, ფრაქციას შეკითხვები აქვს კულტურის მინისტრ ნიკა რურუასთანაც.
"ნიკა რურუასთან შეკითხვები შეეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენასთან დაკავშირებულ სამთავრობოთშორის ხელშეკრულების პროექტს საქართველოს მთავრობასა და თურქეთის მთავრობას შორის, რომელიც პრაქტიკულად გასაიდუმლოებულია" – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ოპოზიციური ფრაქცია პარლამენტში 5 მინისტრს - იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს, შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს, სასჯელაღსრულების მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს, კულტურის მინისტრს ნიკოლოზ რურუას და განათლების მინისტრს დიმიტრი შაშკინს იბარებს.
პარლამენტის ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე გაირკვევა მივლენ თუ არა მინისტრები სამთავრობო საათზე და გაიმართება თუ არა ხუთშაბათს სამთავრობო საათი.
