ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში "ქართული ოცნება" უფასო სადაზღვევო პაკეტებს დააწესებს
ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში "ქართული ოცნება" უფასო სადაზღვევო პაკეტებს დააწესებს
12:35 23.04.2012
ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ყველა მოქალაქისთვის უფასო სადაზღვევო პაკეტს დააწესებს.
ამის შესახებ პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ბრიფინზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ხელისუფლების მხრიდან სპეკულირების თემაა და პრეზიდენტი ერთმანეთის მიყოლებით ხსნის ახალ საავადმყოფოებს, რომელიც მოსახლეობისთვის ხელმიუწვდომელია.
"ხელისუფლება აცხადებს, რომ სექტემბრიდან ყოველ მეორე მოქალაქეს ექნება დაზღვევა. ჩვენმა სპეციალისტებმა კარგად შეისწავლეს ეს საკითხი და გპირდებით, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ყველა მიიღებს დაზღვევას და უფრო ფართო პაკეტს, ვიდრე ამას ხელისუფლება ჰპირდება" - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ასევე, შეიცვლება საშემოსავლო გადასახადის სისტემაც.
ფანჯიკიძის განცხადებით, დაწესდება დაუბეგრავი მინიმუმი, რომელიც საარსებო მინიმუმს გაუტოლდება.
"დღეისთვის საარსებო მინიმუმი 160 ლარია. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები, რომელთა შემოსავალი თვეში 160 ლარზე ნაკლებია არ დაიბეგრებიან"- აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მისი განცხადებით, ყველა ეს საკითხი პარტიის დეკლარაციაშია გაწერილი. ასევე, დეკლარაციაში შესულია საკითხები ადამიანის უფლებებზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე, სოფლის მეურნეობაზე, ქვეყნის უსაფრთხოებაზე და სხვა.
ფანჯიკიძის განმარტებით, დეკლარაციაში შესულ თითოეული თეზისის უკან სრულფასოვანი პროგრამა დგას, რომელსაც პარტია საზოგადოებას ეტაპობრივად გააცნობს.

ბეჭდვა