12 მაისს დევნილთა მასშტაბური შეკრება გაიმართება
12 მაისს დევნილთა მასშტაბური შეკრება გაიმართება
12:25 23.04.2012
პარტია "განახლებული საქართველოს" წარმომადგენლებმა დღეს თბილისის მერიაში 12 მაისს დევნილთა მასშტაბური შეკრების ჩატარების საკითხზე შეტყობინება შეიტანეს.
როგორც "ნიუსპრესს" "განახლებული საქართველოს" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგა ოძელმა განუცხადა, 12 მაისს რუსთაველზე, პარლამენტის წინ აქცია გაიმართება და ეს დღე ოსთა, აფხაზთა და ქართველთა შერიგების დღედ გამოცხადდება.
მისი თქმით, აქციაზე საკოორდინაციო საბჭო დაფუძნდება, რომელიც აფხაზებთან და ოსებთან დიალოგს განაახლებს.
"შეიქმნება დევნილთა დახმარების საერთაშორისო ფონდიც, რომელსაც როგორც ქართველი, ასევე აფხაზი და ოსი ბიზნესმენები დააფინანსებენ. ფონდი იზრუნებს, როგორც ქართველი დევნილების ეკონომიურ, სოციალურ და ჯანდაცვის საკითხების მოგვარებაზე, ასევე, დაეხმარება აფხაზებსა და ოსებსაც" - განაცხადა გოგა ოძელმა.
მისივე განცხადებით, 12 მაისს დევნილთა მასშტაბური შეკრება 15:00 საათზე თბილისის გარდა, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში იგეგმება.
აქცია პარტია "განახლებულის საქართველოს" ინიციატივით ტარდება. მასში ადგილობრივებთან ერთად, დევნილთა საინიციატივო ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას.

ბეჭდვა