ივანიშვილი ომში დაღუპული კაპრალის ოჯახზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს
ივანიშვილი ომში დაღუპული კაპრალის ოჯახზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს
12:20 23.04.2012
პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ბრიფინგზე ჟურნალისტებს 2008 წლის აგვისტოს  ომში დაღუპული კაპრალის გიორგი ტატუაშვილის დედა დარეჯან პატაშური წარუდგინა.
ივანიშვილის თქმით, დარეჯან პატაშური ნათელი გამოხატულებაა იმისა, თუ როგორ დევნას და შევიწროებას განიცდის განსხვავებული აზრი ხელისუფლების მხრიდან.
მისივე განმარტებით, დარეჯან პატაშური 11 მარტიდან კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერია და მარნეულის კოალიციის შტაბთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, რამდენიმე დღის წინ პატაშური "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში, პარტიის ყრილობასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად იმყოფებოდა. ამ დროს კი, ტატუაშვილების ოჯახში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები - ორი ქალი და ერთი მამაკაცი მივიდა. იგი განმარტავს, რომ ორ მათგანს ტატუაშვილის ქალიშვილი იცნობდა. ერთი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ნატა ასლამაზიშვილი იყო, მეორე მამაკაცის გვარია ბუჩუკური.
დარეჯან პატაშური თქმით, მათ ტატუაშვილების 14 წლის ვაჟი ავტომობილში ჩასვეს და მუქარით ცდილობდნენ გაეგოთ მისგან სად იყო დარეჯან პაატაშური.
იგი განმარტავს, რომ ავტომობილიდან მოზარდი მეზობლების აქტიური ჩარევით გადმოიყვანეს.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დარეჯან პატაშურმა მხოლოდ თავისი აზრი გამოხატა, ხელისუფლების მხრიდან კი, მასზე ზეწოლა განხორციელდა.
"აი ეს არის ამ ხელისუფლების იდეოლოგია, რომ გარდაცვლილი გმირის დედასაც არ აქვს განსხვავებული აზრის გამოთქმის საშუალება. ჩვენ, მისი შვილები გარკვეული დროის განმავლობაში გადამალული გვყავდა. ეს ოჯახი ჩვენს მხარდაჭერას იმსახურებს" - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ამოქმედდება სპეციალური პროგრამა, რომელიც თითოეულ ოჯახს დაიცავს ხელისუფლების ზეწოლისგან. აღნიშნული პროგრამის განხორციელება 2-3 კვირაში დაიწყება.

ბეჭდვა