კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა პარტიის თავმჯდომარედ მანანა კობახიძის დანიშვნით თავისთვის ადგილი შეინახა - ამის შესახებ
პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ „ნიუსპრესთან“ საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილმა მარტივი გათვლა გააკეთა - სანამ მას ოფიციალურად არ ექნება საშუალება პარტიის თავმჯდომარე გახდეს, იგი დროებით საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ პიროვნებას ჩააბარა.
ცინცაძის განცხადებით, ისეთი წონიანი პოლიტიკოსები, როგორიც კოალიციის წევრი პარტიის ლიდერები არიან, ივანიშვილის პარტიის ლიდერები ვერ გახდებოდნენ.
„როგორც ჩანს, ივანიშვილის პარტიაში ჩათავლეს, რომ ასეთი ცნობილი სახეებისთვის შეურაცხმყოფელიც კი იქნებოდა, რომ დროებით ადგილის შემნახველები გამხდარიყვნენ“- აღნიშნა ცინცაძემ.
მისივე თქმით, ამავე დროს აუცილებელი იყო ოქმის შედგენისას პარტიის თამჯდომარე ფორმალურად დაფიქსირებულიყო, რადგან სხვანაირად იუსტიციის სამინისტო პარტიას ვერ დაარეგისტრირებდა.
„შეიძლება ითქვას, თავმჯდომარის დაფიქსირება უბრალოდ ტექნიკური საკითხიც იყო“- განუცხდა „ნიუსპრესს“ ცინცაძემ და აღნიშნა, რომ ივანიშვილი კულისებიდან ყველაფრის წარმმართველი იქნება.
ცინცაძის თქმით, ამასთანავე კიდევ უფრო მძაფრდება ის ცაიტნოტი, რომელშიც პირადად ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია აღმოჩდნენ. პოლიტოლოგის განცახდებით, ივანიშვილის კოალიციამ 6 თვე მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე დაიკარგა, ახლა კი საკითხი იმაზე დგას, დარჩენილი დრო რამდენად ეყოფა ალიანსს და თვითონ პარტიას.
„გუშინდელი ყრილობა ისეთი ფარტომასშტაბიანი არ იყო, როგორიც ივანიშვილის რესურსებს ეკადრება. შემდეგ უკვე როგორ განვითარდება მოვლენები და როგორ გადადგება ეს ქალბატონი პარტიის თავმჯდომარეობიდან, ტექნიკური საკითხია. თავმჯდომარეს ირჩევს ყრილობა, ე.ი. კიდევ ერთი ყრილობა უნდა ჩატარდეს“- განაცხადა ცინცაძემ.
მისივე თქმით, კიდევ ერთი ყრილობის მომზადებას დიდი დრო და ენერგია სჭირდება, ყველაფრი ეს კი, წინასაარჩევნო დროის ხარჯზე უნდა მოხდეს.
პოლიტოლოგის განმარტებით, დრო, ფინანსური და ინტელექტუალური რესურსები, ასევე საორგანიზაციო საკითხები, რომლიც კიდევ ერთ ყრილობას უნდა მოხმარდეს - ივანიშვილის პარტიის წინასაარჩევნო კამპანიას აკლდება.
„რაც შეეეხება იმას, რომ პარტიას გენერალური მდივანი არ ეყოლება, ამ შემთხვევაში არაფერს არ ნიშნავს. რომელიმე წარმომადგენელი, ვისაც ბიძინა ივანიშვილი ფუნქციებს გაუნაწილებს, ისედაც შეასრულებს იმას, რასაც გენერალური მდივანი ასრულებს ხოლმე“- განაცხადა ცინცაძემ.
ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი ყრილობა გუშინ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა. პარტიის თავმჯდომარე იურისტი მანანა კობახიძე იქნება, პარტიას არ ეყოლება გენერალური მდივანი. პარტიის პოლიტიკურ საბჭოში კი, ყრილობაზე 11 წევრი აირჩიეს.
