ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე, დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე „მწვანეთა პარტიის“ მიერ დაგეგმილ ყველა აქციაში მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ მან „მწვანეთა პარტიის“ მიერ პარლამენტის წინ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, „მწვანეთა პარტია“ საქართველოში გარემოს დაცვაზე მზრუნველი ერთადერთი პარტიაა, თუმცა, მას ხელისუფლება რამდენიმე წელია უკვე ხელოვნურად ბარიერებს უქმნის და საარჩევნოდ არ არეგისტრირებს.
„რადგან მათ პარლამენტში წარმომადგენლობა არ ჰყავთ, ამ საქმეს ჩვენ თავზე ვიღებთ. ვიდგებით ყველგან, სადაც ისინი აქციას დაგეგმავენ“ - განაცხადა მან.
ლორთქიფანიძემ ხელისუფლება ქვეყნის გარემოსა და ბუნების მიმართ არასათანადო მოპყრობაშიც დაადანაშაულა.
მისი თქმით, გარემოს დაცვაზე მზრუნველი უწყება - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო დაანაწევრეს და მისი ფუნქციები სამ სხვადასხვა სამინისტროს გადაუნაწილეს.
„მწვანეთა პარტიის“ საპროტესტო აქცია დღეს პარლამენტთან გაიმართა. მისი მხარდამჭერები 20 მარტს „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს აპროტესტებდნენ.
