გიორგი ჟვანია: იმედი მაქვს, პოლიტიკაში დიდხანს დარჩენა არ მომიწევს
16:07 15.02.2012
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საინიციატივო ჯგუფის წევრი გიორგი ჟვანია საზოგადოებას მოუწოდებს რომ შემოუერთდნენ და იმედს გამოთქვამს, რომ მას პოლიტიკაში დიდხანს დარჩენა არ მოუწევს.
გიორგი ჟვანიას აზრით, ბიძინა ივანიშვილი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება საკუთარი ქვეყნისთვის პირადი სიამოვნება გვერდზე გადადო. "მინდა გაიგოს საზოგადოებამ, თუ რაოდენ ზნეობრივი ნაბიჯი გადადგა ბიძინა ივანიშვილმა. მას ჰქონდა აბსოლუტურად უზრუნველი ცხოვრება. შეეძლო არანაირი პრობლემები არ შეექმნა თავის თავისთვის, მაგრამ მან აიღო საკმაოდ სერიოზული პასუხისმგებლობა. ამასთან, ადამიანს, რომელმაც ამდენი გაუკეთა საკუთარ ქვეყანას, მოქალაქეობა ჩამოართვეს" - განაცხადა გიორგი ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დეტალების გამოძიებას, გიორგი ჟვანიამ აღნიშნა, რომ ამისათვის საჭიროა ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების შექმნა, პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბება და როდესაც ეს მოხდება, მაშინ აუცილებლად დაიწყება ამ საქმეზე მუშაობა.
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პრეზენტაცია მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში გაიმართება. ამის შესახებ განცხადება ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაციაზე გააკეთა.

ბეჭდვა