„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დაუჭერს მხარს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დაუჭერს მხარს
14:42 21.04.2012
პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უახლოესი პერიოდის ამოცანად ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას მიიჩნევს.  ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეკლარაციაშია ნათქვამი, რომელიც ბროშურის სახით დამფუძნებელი ყრილობის მონაწილეებს ურიგდებათ. 
დეკლარაციის თანახმად, პარტია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
„პარტია ყოველმხრივ შეუწყობს ხელს ოპოზიციური ძალების გაერთიანების გამყარებას პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ფარგლებში და ინტენსიურად ითანამშრომლებს სხვა პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც კოალიციის სადამფუძნებლო დეკლარაციაში ჩამოყალიბებულ ხედვებს იზიარებენ“ - ნათქვამია დეკლარაციაში.
დოკუმენტის არსებული ვითარების შეფასების ნაწილში აღნიშნულია, რომ ყველა სფეროში ირღვევა ადამიანის უფლებები, პოლიტიზირებულია ჯარი, პოლიცია, პროკურატურა და მაკონტროლებელი ორგანოები. დამახინჯებული პრობაციისა და საპროცესო გარიგების სისტემა გადაქცეულია ფულის ამოღების და ადამიანებზე ზეწოლის მექანიზმად.
დეკლარაციაში ასევე, აღნიშნულია, რომ ფეხქვეშაა გათელილი საქართველოს კონსტიტუცია.
„ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, კონსტიტუციისა და კანონების ხშირი ცვლილებები ყოველგვარ სამართლებრივ და მორალურ ნორმებს სცილდება. ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის ვერც პრევენცია და ვერც მისთვის ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა, რასაც მოჰყვა მნიშვნელოვანი ადამიანური მსხვერპლი მორალური და მატერიალური ზარალი - ტერიტორიული ოკუპაცია“ - ნათქვამია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეკლარაციაში.
მასში ასევე ყურადღებაა გამახვილებული სახელმწიფოს სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარების საკითხებზე, ჯანდაცვაზე, სოფლის მეურნეობაზე, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობაზე, განათლების სისტემაზე და ა.შ.
დამფუძნებელი ყრილობის მონაწილეებს ასევე, ურიგდებათ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წესდება.

ბეჭდვა